ჩემს წარმოსახვით სამყაროში, ის ბედნიერი გოგოა. ძლიერი ქალია და ბოსტონის ქუჩებში ფართო ღიმილით დადის. ის, მასზე უზომოდ შეყვარებული პოეტის ცოლია და გვიან შემოდგომაზე, როცა ქარი მიმოფანტავს ნარჩენი ყვითელი ფოთლების კორიანტელს, ბოსტონელები ხშირად ხედავენ მოხუც ცოლ-ქმარს, ხელკავით, სიყვარულითა და შვილების ბავშვობის მონატრებით ავსებულ თვალებს, წარსული ახალგაზრდობის კაეშანსა და ერთად დაბერებულ, ტკბილ, პროზაულ და პოეტურ სიყვარულს. გვიანი შემოდგომა, რომელიც ასე ძალიან უხდება ბოსტონს, მეხსიერების დღეებში ინახავს ბედნიერი გოგოს ნაბიჯებს, რომელმაც ყველა ტკივილი დაძლია და სიცოცხლის მარადიულ სურვილზე წიგნი დაწერა. მწერალი, რომელიც ეტრფის სიცოცხლეს.

დაიბადა 1932 წელს, ბოსტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ლამაზ და ცივ ქალაქში, ჩრდილოეთით. ალბათ ჩვეულებრივი გოგო იყო, უჩვეულოდ რთული ხასიათით, ბავშვობის ტრამვებით და წერისა და ხატვის ნიჭით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია მიიღო და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც გაიცნო ბრიტანელი პოეტი ტედ ჰიუზი, რომელსაც მალევე გაჰყვა ცოლად. ცოლ-ქმრულმა ცხოვრებამ საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი. 1963 წელს, 30 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. საკუთარ სამზარეულოში, გაზით მოიწამლა თავი. მანამდე კი მძინარე შვილებს გამოემშვიდობა, მიესიყვარულა და გადაწყვიტა, რომ იმ ტკივილის ზღრუბლს მიღმა, რომელსაც განიცდიდა, ცხოვრების გაგრძელება არ შეეძლო. სილვია პლათი 30 წლის იყო, როცა თვითმკვლელობა შეძლო. მისი თვითმკვლელობის საყოველთაოდ აღიარებულ მიზეზად, ქმრისგან ღალატი და მიტოვება სახელდება, რამაც მას წონასწორობაა დააკარგვინა, თუმცა სილვიას დეპრესიული განწყობების მიზეზი ალბათ მის ბავშვობაში უნდა ვეძიოთ. ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის პერიოდში, ჰქონდა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სწორედ მაშინ სცადა პირველად სუიციდი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ტედ ჰიუზთან შეხევდრა, ნადვილად იყო დიდი და ძლიერი სიყვარული. მწერალი ქალისა და პოეტი მამაკაცის სიყვარული ისევე თავბრუდამხვევად დაიწყო, როგორც დასრულდა, თუმცა დასასრული აღმოჩნდა უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა ყველაფერი მათ ცხოვრებაში. ძნელია იპოვო დამნაშავე, როცა სიყვარული ქრება, თუმცა იმდროინდელმა სივრცემ მალევე იპოვა დამნაშავე, –  ტედ ჰიუზი, ბრიტანეთში ძალიან პოპულარულმა პოეტი,  რომელმაც ცოლი და ორი შვილი მიატოვა და მეგობრის ცოლზე იქორწინა. ყველამ ცალსახად მისკენ გაიშვირა თითი, როგორც ერთადერთი დამნაშავისკენ. სილვიას თვითმკვლელობამ მასობრივი საპროტესტო განწყობა გამოიწვია ფემინისტურ სივრცეში, საოცრად პოპულარული გახდა მისი წიგნები, ის აღიარეს ქალად, რომელიც კიდევ ერთხელ გაითელა მამაკაცური, უხეში ნების მიერ. ის გახდა მწერალი, რომელიც აღიარეს კერპად და ფემინურ სიმბოლოდ, ქალის დაუსრულებელი ბრძოლისა, მამაკაცის ნების წინააღმდეგ. ტედ ჰიუზი მასობრივი სიძულვილის ობიექტი გახდა.

View post on imgur.com

სილვიამ პირველი ლექსების კრებული გამოაქვეყნა 1960 წელს, რასაც შემოდგომ მოჰყვა ქმართან დაშორება, რომელიც ყველაზე პროდუქტიული პერიოდი აღმოჩნდა მწერალი ქალის შემოქმედებაში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, გამოქვეყნდა მისი ცნობილი რომანი “ზარხუფი”, წიგნი, რომელსაც დიდი ხანი შიშით ვარიდებდი თავს. მახსოვს, როცა წიგნების მაღაზიაში, შემთხვევით წავიკითხე წიგნის უკანა გარეკანზე მიწერილი ანოტაცია, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და გადავწყვიტე, რომ მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა, ამ წიგნს არასოდეს წავიკითხავდი. მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ვნახე მის ცხოვრებაზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი, გამიჩნდა გამბედაობა, რომ ეს წიგნი ხელში ამეღო. საოცარი იყო, რომ ჩემს წარმოსახვაში არსებულმა საშინელმა, დეპრესიულმა მწერალმა ქალმა, რომელმაც წიგნში საკუთარი თვითმკვლელობა იწინასწარმეტყველა, სრულიად იცვალა სახე და ის გახდა პატარა გოგონა, რომელმაც ტკივილებს ვერ გაუძლო. ვერ გაუძლო საკუთარ არამდგრად ფსიქიკას და სიყვარულს, რომელმაც დაანგრია. ის გახდა გოგონა, რომელმაც დაიჯერა მის მხრებზე სუსტი ფრთების არსებობა და ყველა სურვილი ძლიერად ყოფნისა, საჩუქრად გადასცა იმ მკითხველებს, რომლებმაც მისი წიგნები შევიყარეთ. იმ რეალობაში კი, სადაც 30 წლის მწერალი, სილვია პლათი, თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, იფეთქა ახალმა ძალამ, ქალების უძლეველობის და განსაკუთრებულობის ფემინისტურმა ფრთამ, ტედ ჰიუზზე გაბრაზებულმა საზოგადოებამ, რომელსაც კიდევ ერთხელ სახეში შეაყარა სამყარომ, ქალის გათელილ ღირსებაზე დაგვიანებული პროტესტი.

წლების შემდეგ, ტედ ჰიუზის მეორე მეუღლემ, რომლის გამოც მან სილვია პლათი მიატოვა, ვერ აიტანა მუდმივად სივლიას ჩრდილქვეშ ყოფნა და მისი ქმრისა და სილვიას სახელის განუყოფელი თანაარსებობა, ასევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტედ ჰიუზი სრულიად ჩაიკარგა იმ აუტანელ სიმარტოვესა და ტკივილში, რომელიც ამ ორმა ქალმა მიაყენა. მხოლოდ წლების შემდეგ, 1998 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სილვიასა და მისი საერთო შვილის, ფრიდა ჰიუზის ილუსტრირებით გამოაქვეყნა ლექსების კრებული, რომელიც სილვიას მიუძღვნა. ეს იყო ყველაზე გაყიდვადი წიგნი. ეს იყო ბევრწლიანი დუმილის პირველი დარღვევა. ან სინანული. ან პატიების თხოვნა. ან უკიდეგანო ტკივილის სამყაროსათვის გამხელა. ეს იყო ტედ ჰიუზის უკანასკნელი ხმა.

ხშირად წარმოვიდგენ სილვიას ბოსტონის ქუჩებში. ჰო, პარალელურ განზომილებაში, ჩემს წარმოსახვით სამყაროში, ბედნიერი სილვია ბოსტონში ცხოვრობს. გვიან შემოდგომაზე, ასე ძალიან რომ უხდება ბოსტონის ქუჩებს, მისი თავდაჯერებული ნაბიჯები სხვების თვალთახედვის არეში ხვდება. მწერალი გოგოა, რომელმაც ყველა ტკივილი დაძლია და სიცოცხლის მარადიულ სურვილზე წიგნი დაწერა. მწერალი, რომელიც ეტრფის სიცოცხლეს. მისი სახლის არემარეს, ყვითელი ფოთლების ფიანდაზად რომ ქცეულა, მისი საყვარელი მამაკაცი, სახელგანთქმული პოეტი, ტედ ჰიუზი სილვიას  კაბის შრიალს უგდებს ყურს, იმ ქალისას, რომელიც უსასრულოდ უყვარს, – ყველა დროში, ყველა სამყაროში, ყველა განსხეულებაში. მისი ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომელიც სილვიას მიუძღვნა, მათ ერთად გატარებულ დღეებზე ჰყვება და არ არსებობს ხმა სამყაროში, რომელიც სიყვარულის ამ ხმას გადაფარავს. გვიანი შემოდგომა კი, ასე ძალიან რომ უხდება ბოსტონის ქუჩებს, მათ სიყვარულთან ერთად სათუთად იმახსოვრებს   ოქროსფერი სეზონის სითბოს, ყვითელი ფოთლების ტკივილს, ზამთრისპირა ეზოების სევდას. შებინდებისას, როცა ფანჯრებში შუქი ინთება, ხშირად იხსენებენ მას იმ სახლებში, რომლებშიც ახსოვთ. ბედნიერი, უდარდელი და ძლიერი, მწერალი ქალი.

სილვია ბედნიერი გოგოა.

ის ერთგული, მოსიყვარულე და ძლიერი მამაკაცის ცოლია.

ბედნიერი სილვია ბოსტონში ცხოვრობს.

მოხუცი სილვიაც ბოსტონში ცხოვრობს.

View post on imgur.com