თქვენ მშვიდად სეირნობთ ხმაურიანი ქალაქის ქუჩებში. თქვენთვის, თქვენს ფიქრებში ჩაძირული. უცებ, ფოტოკამერის ჩხაკუნი გესმით, აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებთ, რომ სასწრაფოდ გაგეცლებათ უცნობი, რომელზედაც დარწმუნებითაც ვერ იტყვით, მართლა გადაგიღოთ ფოტო თუ უბრალოდ მოგეჩვენათ. ჰოდა, დაე, გააგრძელოს გზა.

ან კიდევ, სეირნობთ თქვენთვის ქუჩაში, ხედავთ რომ გიახლოვდებათ ქალი, ფოტოაპარატით ხელში. საოცრად დიდი ზომის ტანსაცმელი აცვია და ცოტათი უცნაური გამომეტყველება აქვს, თითქოს ვინმეს ემალებოდეს, თითქოს ვინმეს გაურბოდეს. თქვენი ცნობისმოყვარე მზერა რომ შენიშნა, თამამად წამოვიდა თქვენსკენ და გეკითხებათ, ფოტოს გადაღების უფლებას თუ მისცემდით. თქვენ წინააღმდეგი არ ხართ. რატომაც არა. ისიც გიღებთ ფოტოს, შემდეგ გიღიმით და გზას აგრძელებს. თქვენც გეღიმებათ და გზას აგრძელებთ. იმ დღეს, კიდევ ერთხელ გაიხსენებთ ამ ფაქტს, შეიძლება შემდეგაც პერიოდულად და იშვიათად გაგახსენდეთ და საბოლოოდ მიგავიწყდებათ.

და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ეს ჩუმი ფოტოგრაფი უკვე გარდაცვლილია, გარდაცვლილია სიმარტოვესა და სიღარიბეში, თქვენ ან თქვენი შვილი, ან შვილიშვილი  შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ ოდესღაც, გენიალური ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდით  და ამ გენიალურობის შესახებ, თავად ავტორმა არაფერი უწყის. არ იცის, როგორი იქნებოდა მისი გამჟღავნებული ფირები,  არ იცის, რადგან მზის სინათლე არ უხილავს მის 100 000 ნეგატივს, რომელიც  მთელი ცხოვრება გაუმჟღავნებელად შეინახა. არ უნახავს, ის სურათები, რომლებიც გადაიღო, არც კი იცის, რა შექმნა და როგორი შთამბეჭდავი. არც ის იცის, რომ მისი ჩუმი პერსონის, იმ სახელისა და გვარის მიღმა, რომელსაც ის ატარებდა, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფოტოგრაფი დგას. მისი ფოტოები ამშვენებს მსოფლიოს უამრავ თანამედროვე მუზეუმს და მისი სახელი ცნობილია ყველასთვის, ვისაც ფოტოგრაფია უყვარს.

დადიოდა ჩუმად, ხმაურიან ქუჩებში, უღებდა ყველას და ყველაფერს და ალბათ გულის სიღრმეში მტკიცედ იცოდა, რომ განსაკუთრებული ფოტოების ავტორი იყო. სიკვდილის შემდეგ კი მისი სახელი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ხდება. ეს ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია. ვივიან მაიერი.

მისი იდუმალი ცხოვრების ისტორია ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას მსმენელზე, რაც მის შემოქმედებასა და მის პერსონას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. მაგრამ არის მეორე სამყარო, სადაც ის ნამდვილად დიდი შემოქმედია და ეს მისი ფოტოგრაფიაა. საოცარი კადრები, რაც მან ფოტოგრაფიის ისტორიას შემატა, რითაც ფოტო ისტორია გაამდრიდა.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 2011 წელს უძრავი ქონების აგენტმა, 26 წლის ჯონ მალუფმა, რომელიც ჩიკაგოზე ისტორიულ მასალებს აგროვებდა, შესანახი საწყობიდან იყიდა რამოდენიმე ყუთი, რაშიც 400 დოლარი გადაიხადა. უცნობი იყო ვის ეკუთვნოდა ყუთი, მაგრამ ის გასაყიდად საფასურის გადაუხდელობის გამო გამოიტანეს. ჯონმა ყუთებში ძველი ნეგატივები იპოვა და ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ეს მასალების მოგროვებაში დახმარებოდა. ყუთში აღმოჩნდა 10 000 გაუმჟღავნებელი ნეგატივი და სხვადასხვა ნივთები.  ფირის გამჟღავნებისას, აღფრთოვანებულმა აღმოაჩინა, რომ ფოტოები საკმაოდ დახვეწილი და საინტერესო ჩანდა, ასახავდა მეოცე საუკუნის 50-60 წლების ამერიკულ ცხოვრებას. მალოფმა ერთ-ერთ ყუთზე იპოვა მესაკუთრის სახელი და გვარი: ვივიან მაიერი. შემდეგ შეეცადა მასზე ინფორმაცია გუგლში მოეპოვებინა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. მეორე დღეს, სურათები ინტერნეტ სივრცეში განათავსა, რასაც საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები აღფრთოვანებულები იყო ფოტოსურათებით. ასე დაიწყო ძიება უცნობ ფოტოგრაფზე, რომელმაც საოცარი ფოტოები შექმნა. ჯონ მალოფმა მიაგნო ოჯახს, სადაც ვივიანი ცხოვრობდა, ამ ოჯახმა მას ვივიანის სხვა დარჩენილი ნივთები გადასცა, სადაც იყო ასევე დაბეჭდილი სურათები, გაზეთები, ქვითრები, ბილეთები, მისი კუთვნილი ფოტოკამერა და სულ 100 000 გაუმჟღავნებელი ნეგატივი.

ეს მართლაც ჯადოსნური ისტორიაა. ამ  ბიჭმა შემთხვევით იპოვა საოცარი ფოტოგრაფი და ის მსოფლიოს გააცნო. მოგვიანებით, როცა მან ვივიანის ძიებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო,  (“ვივიან მაიერის აღმოჩენა”, – 2013) რომელიც ოსკარზეც იყო წარდგენილი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის სექციაში, ის ამბობს, რომ სამყაროს ხელოვანი აღმოუჩინა და გადაწყვიტა გამოეკვლია ყველაფერი, ამ იდუმალი ქალის შესახებ. მოიძია ბიოგრაფიული ცნობები მის ცხოვრებაზე და უმთავრესი კითხვა რომელიც მას აწუხებდა იყო ის, თუ რატომ არ აჩვენა ვივიანმა თავისი ფოტოები არავის, რატომ არ გახდა სახელგანთქმული ფოტოგრაფი და რატომ არჩია ცხოვრება ჩუმად, თავის გაუმჟღავნებელ ნეგატივებთან ერთად.

როგორც გაირკვა, ვივიან მაიერი დაიბადა 1926 წელს ნიუ-იორკში. თუმცა ბავშვობა საფრანგეთში, დედის სამშობლოში გაატარა და მხოლოდ 25 ასაკში გადმოვიდა საცხოვრებლად  ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ჩიკაგოში. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ძიძად იმუშავა, ჩიკაგოში, საუბრობდა ფრანგული აქცენტით. არ ჰყოლია არასოდეს ქმარი, შვილები, ახლო ურთიერთობები. აღსაზრდელები იხსენებენ მას როგორც უცნაურ, ჩაკეტილ, პირდაპირ, მარტოსულ და მძიმე ხასიათის  ადამიანად. მუდმივად ხედავდნენ  ფოტოკამერით ხელში. მისი აუდიო ჩანაწერებით ირკვევა მისი შეხედულებები პოლიტიკაზე, ფემინიზმზე, სოციალიზმმზე. ის ხშირად მალავდა საკუთარ სახელს, ხან გვარს, ხან სხვა სახელითა და გვარით ეცნობოდა ადამიანებს. მალავდა საკუთარ ცხოვრებას, წარსულს, ოჯახის წევრებს, არ ჰყავდა მეგობრები და პარტნიორები. მას იხსენებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა ოჯახებში ის ბავშვების აღმზრდელად მუშაობდა. როგორც გაირკვა, ღრმა სიბერეში მისმა აღსაზრდელებმა მას ბინა უყიდეს და გადასახადებს უხდიდნენ. თუმცა მეზობლები ხშირად ხედავდნენ მას ნაგვის ურნებთანაც. გარდაიცვალა 2009 წელს, ყინულზე ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა. მისი ნივთები საცავიდან გადაუხდელობის გამო გამოიტანეს გასაყიდად და ასე გადავიდა მთელი მისი შემოქმედება საცავიდან ახალგაზდრა ამერიკელი ბიჭის ხელში, რომელმაც უცნობი ქალი სახელგანთქმულ ფოტოგრაფად აქცია.

 

არავინ იცის, უნდოდა თუ არა ვივიანს მისი ფოტოები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო. თუმცა ჯონ მალოფს ასევე ხელში ჩაუვარდა მისი წერილი, რომელშიც ის სწერს ფრანგ ფოტოსტუდიის მესაკუთრეს, რომელშიც ამბობს, რომ ჰქონდა კარგი ფოტოები და თუ სურვილი ექნებოდათ, ითანამშრომლებდა მათთან. ანუ გამოდის, რომ მას ჰქონდა ამის სურვილი. შესაძლოა აკლდა ამბიცია, ან შესაძლოა, როგორც მისი აღსაზრდელები ამბობენ, მას არ სურდა  ყურადღების ცენტრში ყოფნა.

არავინ იცის რა სურდა, რაზე ოცნებობდა, რას მალავდა, რა აწუხებდა. იყო ჩაკეტილი ადამიანი, არავის აჩვენებდა საკუთარ ფოტოებს, რომლებშიც 1950-იანი წლების ამერიკული ცხოვრება ასახა. მისთვის ძიძობა მეტად ხელსაყრელი პროფესია გამოდგა, ჰქონდა ბევრი თავისუფალი დრო იმისთვის, რომ ეკეთებინა, ის რაც ყველაზე მეტად უყვარდა. მან საოცარი სურათებით გაამდიდრა ფოტოგრაფია, თუმცა მთავარი კითხვა, რაც აწუხებდა ჯონ მალოფს:”თუ რატომ არ ანახა ვივიანმა, თავისი სურათები არავის”, მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.

ალბათ ჯადოსნურს ამბავს მეტი ჯადოსნურიბა რომ ჰქონოდა.

 

ლინკი დოკუმენტური ფილმისა “ვივიანის აღმოჩენა” ქართულად.

(https://www.imovies.cc/movies/39875/Finding-Vivian-Maier/GEOMEDIUM).

 

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com

 

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com

View post on imgur.com

 

View post on imgur.com

View post on imgur.com

 

 

View post on imgur.com

 

View post on imgur.com

 

 

View post on imgur.com

 

 

View post on imgur.com

 

View post on imgur.com

 

View post on imgur.com